"შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვიდრე დანარჩენ მსოფლიოს ეძინა, საქართველო აშენდა" - ამის შესახებ აზიის განვითარების ბანკის (ADB) საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ლესლი ბეარმან ლაჰმი აცხადებს. რიკოთის ჩქაროსნული მაგისტრალის სამშენებლო სამუშაოების დათვალიერებისას მან ჟურნალისტებთან თქვა, რომ ეს პროცესები „ძალიან შთამბეჭდავია“.
„ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ პროექტის შესრულებითა და ვადებით, მოქნილობით, რომელიც ვნახეთ საკითხების გადაჭრის კუთხით, კოვიდის პერიოდში. ვფიქრობ ეს ინფრასტრუქტურა კრიტიკულად მნიშვნელოვანია "შუა დერეფნისთვის", ვაჭრობის გაფართოებისა და საექსპორტო გზების დივერისიფიცირებისთვის, საქართველოს დასაკავშირებლად ევროპასა და ჩინეთთან. ამას განუსაზღვრელი ღირებულება აქვს ქვეყნისთვის. ასევე, ამას აქვს გავლენა საქართველოს მოქალაქეებისთვის უსაფრთხო და სწრაფი გადაადგილების თვალსაზრისით“ - განაცხადა ლესლი ბეარმან ლაჰმმა.
რიკოთის ჩქაროსნული მაგისტრალის სამშენებლო სამუშაოები აზიის განვითარების ბანკის სესხით ფინანსდება. საქართველო ორგანიზაციასთან 2007 წლიდან თანამშრომლობს. მისი მიმდინარე სუვერენული პორტფელი საქართველოში 1.75 მილიარდი დოლარის ღირებულების 17 სესხს მოიცავს.